დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „თბილისის პარკინგის“ ახალი ოფისი დაათვალიერა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, რათა პარკირების სისტემის მენეჯმენტი სატრანსპორტო კომპანიამ გაწიოს.
“პირობას გაძლევთ, მართლაც საუკეთესოდ მოემსახურებიან ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს და დაამყარებენ წესრიგს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ განაცხადა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სითი პარკიდან“ 102 თანამშრომელი მიიღო, მათგან 76 ინსპექტორია, 10 ევაკუატორის მძღოლი.
მისივე თქმით, „თბილისის პარკინგი“ 10 ევაკუატორის შეძენას გეგმავს. კომპანიის საკუთრებაშია ოთხი მსუბუქი ავტომობილი. უცვლელი რჩება საჯარიმო ადგილები.
რაც შეეხება საპარკინგე სივრცეების მოწყობას, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დედაქალაქში დაახლოებით 2000 ადგილია, თუმცა პირველ ეტაპზე, 700 ადგილის მოწყობა იგეგმება.
მამუკა კობახიძის განცხადებით, ახალი ფუნქციებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად პარკინგს „თბილისი პარკინგი“ განახორციელებს. ახალ სამსახურში 80 კონტროლიორ-ინსპექტორი იმუშავებს. მათგან დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა უბანზე ინსპექტირებას ყოველდღიურად 40 თანამშრომელი განახორციელებს.