კახა კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, 15 წლის გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დაეხმარონ
15 წლის ბიჭის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გიგი ანთაძეს ცერებრალური დამბლა აქვს, წლებია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის და გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებმა შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
„ასაკის მიუხედავად, ეს ბიჭუნა უკვე ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში გიგი რუსთაველის გამზირზე „ფრეშ“ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც ვერ გვექნება შესაძლებლობა, რომ ცალკეულად იყოს გამოყოფილი გიგი და თავის საქმიანობა გააგრძელოს. თუმცა, მინდა, დავავალო ქალბატონ სოფო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოზარდს, რომელმაც მართლაც თავისით შეიქმნა პატარა ბიზნესი, მცირე შემოსავალი, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები. თუ საჭირო იქნება ფინანსური დახმარებაც, ამაზეც მზად ვარ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილებით, თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობა ფიზიკური ან და იურიდიული პირის შემთხვევაში, 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 300 ლარით.