კახა კალაძემ საქართველოს პარანაკრებს ევროპის პარაჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარანაკრებს ევროპის პარაჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის პარაჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს პარანაკრებმა 16 მედლის მოპოვება შეძლო, აქედან ოთხი ოქროა, სამი – ვერცხლი, ხოლო ცხრა – ბრინჯაო.
კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელმაც პარატაეკვანდოში ოქროს მედალი მოიპოვა, მერიის სისტემის თანამშრომელი გიორგი ხიზანიშვილია.
„გიორგი ხიზანიშვილი 2018 წლის აგვისტოდან თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დარბაზის ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობს და არა მარტო სპორტული ცხოვრებით, არამედ მრავალპროფილური განათლებით და სამოქალაქო აქტივიზმითაც გამოირჩევა. ის ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. რაც შეეხება პარასპორტს, გიორგიმ ბოლო წლებში ბევრი წარმატება მოიპოვა და მინდა, ასეთივე წარმატებით გაგრძელება ვუსურვო. ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი შედეგები“, – განაცხადა კახა კალაძემ.