კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა წარადგინა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახა სამხარაძის კანდიდატურა წარადგინა.
როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამგორის რაიონს რამდენიმე თვეა, გამგებელი არ ჰყავს.
„მინდა, წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთი. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს“, – განცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
„ბევრია პრობლემები, ბევრია გასაკეთებელი და ძალიან ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს. ვიცი, არ გეზარებათ არც შრომა, არც ღამეების თენება და ჩაერთვებით იმ ყოველდღიურ რუტინაში, რასაც ჩვენი თითოეული თანამშრომელი აკეთებს”,- მიმართა კალაძემ სამხარაძეს.
სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა, კახა გულედანმა თანამდებობა დაახლოებით სამი თვის წინ დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.