კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს
კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში საარჩევნო შტაბი გახსნა. საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს მისვლისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ექნება.

კალაძის თქმით, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული წევრი გიორგი ამილახვარი, რომელსაც განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია, რომელთან ერთადაც, საარჩევნო კამპანიას ისე წავრმართავთ, რომ ჩვენი გამარჯვებით, არამხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, არა მხოლოდ მე, როგორც ერთმა კანდიდატმა, არამედ თბილისმა და თბილისელებმა გაიმარჯვონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბს და თბილისს წარმატება უსურვა. „წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს საარჩევნო შტაბს, რაზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები. რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თბილისს – ქალაქს, რომელიც თავად ირჩევდა და ირჩევს წესებს, სადაც ქალაქელობა ნიშნავს – გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე; სადაც კარგად იციან გულწრფელობის და ერთგულების ფასი. მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან: მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატის თქმით, თბილისი კვლავ გაიმარჯვებს“.