კახა კალაძემ რომის მეტროპოლიტენის მშენებარე სადგური Porta Metronia დაათვალიერა
რომში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს, Porta Metronia-ს ეწვია, სადაც რომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებსა და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„რომის მეტროპოლიტენის მესამე, ე.წ. მწვანე ხაზი ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით კვეთს და უნიკალური მახასიათებლები აქვს, რადგან მისი მარშრუტი რომის ისტორიული და კულტურული ღირებულებებით გამორჩეულ არეალზე გადის.
მშენებარე Porta Metronia, მოქმედ San Giovanni-სთან (სან ჯოვანი) ერთად, ე.წ. არქეოლოგიური სადგურების პირველ მაგალითს წარმოადგენს, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები იქნება წარმოდგენილი და მოქალაქეებს მეტროთი გადაადგილებისას, ერთგვარად, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება. პროექტი 25,5 კმ-ზეა გათვლილი და მისი ღირებულება 3 მილიარდ 28 მილიონი ევროა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძესთან ერთად რომის მშენებარე მეტროსადგური მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ დაათვალიერეს.