თბილისის მერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.
კახა კალაძის თქმით, პოლიციელის მისია საპატიო და განსაკუთრებულია, რადგან ისინი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგანან.
„ვულოცავ თითოეულ პოლიციელს დღევანდელ დღეს. მინდა, პირველ რიგში, ვუსურვო მათ მშვიდობა. პოლიციელები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული სამსახურისთვის.