კახა კალაძემ ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, ოქროყანაში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ოჯახები 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ ბინებში, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ოჯახებს ბინები საკუთრებაში დღეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„ოქროყანაში 30 ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ ამ სახლებში, ბევრი ლტოლვილია, ბევრი საცხოვრებელი ფართის გარეშე მყოფი შესახლებული. ათეული წლებია ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და ვერ ახერხებდნენ, რომ ეს ფართები ყოფილიყო მათ საკუთრებაში. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ, ბედნიერ ადამიანს ვხედავ. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა უფიქსირდება, მიმართონ ადგილობრივ გამგეობებს, ისინი აუხსნიან თუ რა დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი, შემდეგ გადმოიგზავნება ყველა ეს ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში და ჩვენ განვახორციელებთ დაკანონების პროცესს, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 650-მდე ოჯახს დაუკანონდა.