კახა კალაძემ მოადგილეს ნაძალადევში მდებარე ბიბლიოთეკის კონცეფციის შემუშავება დაავალა
დედაქალაქის მერი ნაძალადევის რაიონში, დადიანის 2 ნომერში მდებარე ბიბლიოთეკაში არსებულ ვითარებას გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ბიბლიოთეკაში სიტუაცია მძიმეა და შეუძლებელია როგორც მუშაობა, ასევე ადამიანის დაინტერესებაც.
თბილისის მერმა მის მოადგილეს კულტურის საკითხებში სოფიო ხუნწარიას კონცეფციის შემუშავება დაავალა.
“ძალიან მძიმეა ბიბლიოთეკაში არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30 ანალოგიურ მდგომარეობაშია, ზოგან კიდევ უფრო მძიმეა ვითარება. ცხადია, საჭიროა გარკვეული რეფორმების განხორციელება ამ კუთხით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მე დავავალე უკვე ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას, წარმოადგინოს კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმარულებით, რომ ბიბლიოთეკა საინტერესო იყოს. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულება და შესაბამისად, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში შეუძლებელია მუშაობაც და შეუძლებელია ადამიანი მივიდეს და დაინტერესდეს რამით“, – განაცხადა კალაძემ.