კახა კალაძემ მოადგილეები, გამგებლები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები გააფრთხილა - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე, რამე არ გამოგეპაროთ
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დააანონსა.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან მოადგილეები, გამგებლები, ასევე, მერიის ყველა სამსახური და მათი ხელმძღვანელები გააფრთხილა, კორუფციის პრევენციაზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.
„მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, რათა რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რათა პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.