კახა კალაძემ მერიის უწყებებს დაავალა, შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზა „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული
კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას დაავალა, რომ ქალაქის მასშტაბით ინსპექტირება განხორციელდეს ყველა იმ სამუშაოსი, რომლის ექსპერტიზა „მშენექსპერტს“ აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს ყველა სამუშაო, რომლის ექსპერტიზა იმ საექსპერტო ბიურომ შეასრულა, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.
„მინდა, დავავალო მერიას დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზა თავის დროზე გაკეთებული აქვს შპს „მშენექსპერტს“. ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება. სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს, ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას, დღეს მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ და ვერ იქნება, რადგან განსხვავებული ფორმატია. შესაბამისად, მთავრობის სხდომა დასრულებულია“, – განაცხადა კალაძემ.