კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს საკანალიზაციო ჭების პრობლემის მოგვარება დაავალა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეს საკანალიზაციო ჭების პრობლემის მოგვარება დაავალა.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობისთვის, რომლებიც ავტომობილით გადაადგილდებიან, საკანალიზაციო ჭების თავები პრობლემას წარმოადგენს.
“ბევრს ვსაუბრობთ ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე, ახალი ავტობუსების შემოყვანაზე და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია. მინდა, ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად ხვდება, როდესაც ავტომობილებით გადავაადგილდებით, ეს არის საკანალიზაციო ჭების თავები. ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ კონკრეტულ ქუჩებზეც კი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. საკანალიზაციო თავები წარმოადგენს ორმოებს, შესაბამისად, დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. ამასთან დაკავშირებით მესმის, რომ შეუძლებელია პრობლემის მოგვარება, რადგან ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის კონკრეტული კომპანიების Gwp და ა. შ. მგონია, ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე. ვავალებ ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომ უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, ეს პრობლემა მოგვარდეს. ამიტომ გავალებთ , რომ უახლოეს მომავალში დაიწყოთ ამაზე მუშაობა”, – განაცხადა კალაძემ.