კახა კალაძემ გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის მიმდინარე პროექტი დაათვალიერა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გლდანის III მიკრორაიონის N9 კორპუსთან მდებარე სკვერის პროექტს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
კალაძის თქმით, პროექტი ორეტაპიანია და პირველი ნაწილი გასულ წელს დასრულდა.
„ორ ეტაპად გავყავით აღნიშნული სამუშაოები. გასულ წელს დავასრულეთ პირველი ნაწილი და ადგილობრივ მოსახლეობას მაშინვე დავპირდით, რომ სივრცე მთლიანად მოწესრიგდებოდა. ძალიან მიხარია, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული, მიმდებარე კორპუსში. ეს სივრცე გამწვანდება, განათდება, მოეწყობა ფანჩატურები, ტრენაჟორები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები; ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და კიდევ ერთი სასიამოვნო რეკრეაციული სივრცე ექნება ამ უბანს. აღნიშნული სამუშაოები ნოემბრისთვის იქნება დამთავრებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესო კალაძე.
თბილისის მერიის ცნობით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.