კახა კალაძემ გლდანის რაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერი გახსნა
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ახლად რეაბილიტირებული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნესზონა.
სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა. ამასთან, ტერიტორია გამწვანდა – დაირგო 183 სხვადასხვა სახის ხე, 422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ გარდა ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები.