კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძემ ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაზრდა, რათა მომავალ წელს შესაძლებელი გახდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში იყო ასახული.
თბილისის მერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს.
“მინდა, კიდევ ერთხელ გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხება მომავალი წლის ბიუჯეტს და ბიუჯეტის გაზრდის საკითხს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ზოგადად, ეკონომიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის გაზრდა, რათა შევძლოთ და მომავალ წელს განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო დაანონსებული ჩვენი გუნდის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დაასახელა ის პროექტები, რომელიც გაზრდილი ბიუჯეტით განხორციელდება. კახა კალაძის თქმით, ეს არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, კერძოდ ორბელიანისა და და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქცია; მეტროსადგურების განახლება, სამგზავრო ვაგონების რეაბილიტაცია, ასევე ახალი სამგზავრო ვაგონების შემოყვანა.
„თქვენ იცით ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს და შესაბამისად, შევუდგებით ამ პროექტების განხორციელებას. ძალიან მიხარია და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს სიხარული, რომ მომავალი წლიდან ჩვენი დედაქალაქი იქნება მართლაც განსხვავებული. ჩვენ ვიწყებთ ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეს არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია- ორბელიანის მოედნის და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, ასევე მეტროსადგურების განახლება, სამგზავრო ვაგონების რეკონსტრუქცია. ასევე ახალი სამგზავრო ვაგონების შემოყვანა გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი 60 მილიონამდე ლარით გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერ კახა კალაძესა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის დღეს სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.