კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა
დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მერიის, გამგეობების, მერიის სსიპ-ების, აიპ-ებისა და შპს-ების თანამშრომლებს იმ შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში სწევენ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. აქ ასევე იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებენ იმ მოვლენებს, რაც ხდება ქალაქში, რა პროექტებიც ხორციელდება, რა გამოწვევების წინაშე დგას მუნიციპალიტეტი. ამაში რა თქმა უნდა, თქვენი როლი მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, წლევანდელი წელი მერიისთვის დატვირთული და წარმატებული იყო.
„მერიამ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ჩვენი თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს არ განხორციელებულა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება: სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, გვინდა, რომ ის სივრცე ძირეულად მოვაწესრიგოთ. მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ, მრავლადაა ქალაქში, ჩვენი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მთლიანად იცვლება და ახლდება.
მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ შევინარჩუნოთ ის შესანიშნავი შენობა-ნაგებობები, რომლითაც ყველა ვამაყობთ. ასეთი სამუშაოების წარმოებას მომავალშიც გავაგრძელებთ. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს გუდიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მწვანე სივრცეების შექმნის კუთხით გაწეულ სამუშაოსაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნეს დედაქალაქში და მოვაწესრიგოთ არსებული; შევქმნათ ახალი საქალაქო პარკები, დავრგოთ ახალი ხე-მცენარეები. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა – პროცესი რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ, აუცილებლად იქნება შესრულებული. თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული ქალაქი განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. ჩვენ არა მხოლოდ არსებული პარკის ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ მზად ვართ დავამატოთ ახალი ავტობუსები, რათა იმ რაიონებში, იმ უბნებში, სადაც დღეს არის ავტობუსის პრობლემა, შევამციროთ ავტობუსების მოცდის დრო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ავტობუსებისთვის შეიქმნას ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად იმოძრაოს. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მიკროავტობუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და მომავალ წელს საზოგადოება დაინახავს ამ პროცესის რეალურ შედეგებს, ასევე მეტროს მიმართულებითაც. საერთო ჯამში ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი პროგრამებით, სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით 240 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ეს იყო ოპერაციები, ერთჯერადი დახმარებები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ მხარდაჭერა და ა.შ. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება, თუმცა, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ ნაკლებად გვყავდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტებიც შეაფასა. მან განსაკუთრებით გამოყო წარჩინებული სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამაც.