კახა კალაძემ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს, არხილოსკალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ესტუმრა და მისი სახელობის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძემ ჩემპიონს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა. დედაქალაქის მერის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის.
„მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რათა ასეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც ლაშა ბექაურია. ძალიან მიხარია. მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ ასეთი მაგარი პროექტი განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ეს მისცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და ბიძგს ჩვენს შვილებს, რათა წარმატებულები გახდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს მთავრობის წევრები. სპორტული კომპლექსის შენობა მოიცავს ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, რომელიც გათვლილია 100 მაყურებელზე, ასევე მოწყობილია ძალოსნობისა და სატრენაჟორო მულტიფუნქციური დარბაზი, ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო ოთახი, გასახდელები, სანიტარიული კვანძები და საშხაპეები, მწვრთნელების ოთახები და ექიმის კაბინეტი. პროექტი დაიწყო 2022 წლის მაისში და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გაცვრცელებულ ინფორმაციაში.