კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი დაათვალიერა
კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად განახლდა ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი.

„ყველამ ვნახეთ ფოტოებზე, რა მდგომარეობაში იყო 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღი. დღეს გვაქვს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბაღი. რეაბილიტაციის გარდა, აშენდა ახალი ფლიგელი და ბაღს უკვე 500-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია. ამჟამად 460 ბავშვია რეგისტრირებული. ძალიან სასიამოვნო გარემოა, ასევე არის ულამაზესი ეზო, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და განთავსდა ატრაქციონები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველგან ეს სტანდარტი დაინერგოს, რაც ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს. ბავშვები, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა არის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, N89 ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით – დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 895 ლარით დაფინანსდა.