კახა კალაძემ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [ფოტო]
კახა კალაძემ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [ფოტო]

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში იგეგმება შენობის კონსტრუქციული გამაგრება, კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაცია, სადრენაჟე სისტემის მოწყობა, დაზიანებული სახურავის შეცვლა, ექსტერიერის და ინტერიერის დეკორის რესტავრაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა და რესტავრაცია, ძველი ავეჯის რესტავრაცია, გათბობის სისტემის მოწყობა, შშმ პირებისთვის ადაპტირება, ეზოს კეთილმოწყობა, ასევე ღობისა და შადრევნის რესტავრაცია.

„პროექტის ბიუჯეტი 3 მლნ 300 ათასი ლარია და ის „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (AIMF) თანადაფინანსებით ხორციელდება. მე-19 საუკუნეში აგებული შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ტიპის უნიკალური კოლექციები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და გამოყენებაზე ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური კუთხით.

ქართული კოლექცია თავისი მნიშვნელობით უნიკალურია და მას ანალოგი არ მოეძებნება.

ბიოლოგიური და იზოტოპიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დათარიღებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის (სირია, თურქეთი, საბერძნეთი) და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.