კახა კალაძე - ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით ქვეყანაში რადიკალიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც არ სურთ
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დონორი ორგანიზაციის საშუალებით ქვეყანაში რადიკალიზმი და ექსტრემიზმი ფინანსდება, რომლის გასაჯაროებაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ სურთ.
კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რას ემსახურებოდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ტრენინგი.
„რადიკალიზმი არის ქვეყანაში. სხვათა შორის, დაფინანსებები, რაც მალულია და საზოგადოებამ არ იცის, იმ დონორებისგან მოდის, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება რადიკალიზმი, ექსტრემიზმი. რომ გვეუბნებოდნენ, მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებთო, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რასთან დაკავშირებით ატარებდნენ ტრენინგს. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის გასაჯაროება არ უნდათ. პირველ რიგში, ეს პრობლემას უქმნის მათ „მამებს“, იმ დონორ ორგანიზაციებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რადიკალიზმს მომავალი არ აქვს და მას ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალიზმს ქვეყანაში არ აქვს მომავალი. იქნება რადიკალიზმი? კანონდარღვევა? ამას ხელისუფლების, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, შემდეგ ეს მუხტი შენარჩუნდეს და მოხდეს რადიკალიზაცია. მისივე თქმით, რამდენადაც არ უნდა სცადონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ სიტუაციის დამშვიდდეს, ეს შეცდომა დაშვებული აღარ უნდა იყოს.
„ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.