კახა კალაძე აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთან დაკავშირებულ ინციდენტზე დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
კახა კალაძე აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთან დაკავშირებულ ინციდენტზე დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, სამგორის რაიონში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რის შედეგადაც, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის ფარგლებში, უმკაცრესად დაისჯება.

„სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარე მოვაჭრეს შორის, რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარე ვაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი, განსაკუთრებით, ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ეს ადამიანები ზრუნავენ ჩვენი ქალაქის იერსახეზე და ამ კონკრეტულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს მიმართა, რომ მათზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობის აღსრულება გააგრძელონ.

„დედაქალაქზე ზრუნვა, მისი იერსახის შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა, ჩვენი – ყველას ერთობლივი საზრუნავია. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ცვლილებების გზით, ჩვენი დედაქალაქი უფრო განვითარებული და უკეთესი გავხადოთ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, არ შევუზღუდოთ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. კიდევ ერთხელ მინდა ზედამხედველობის სამსახურს დავავალო, გააკეთეთ რაც კანონით გევალებათ იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია გარევაჭრობა, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვინც გადაადგილდება და კანონის შესაბამისად იმოქმედეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.