კახა კალაძე - ზაფხულისთვის თემქის ხევის პარკი დასრულებული იქნება
კახა კალაძე - ზაფხულისთვის თემქის ხევის პარკი დასრულებული იქნება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა.

„თემქის ხევი იყო ჭაობი. ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში – სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა. დაახლოებით 25 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტის ფარგლებში ყველანაირი სივრცე მოეწყობა – სპორტული, დასვენების, გართობის ზონები,  ძალიან მაგარი სკეიტპარკი კეთდება, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები, მოსასვენებელი ფანჩატურები. ასევე გათვალისწინებულია ორი საფეხმავლო ხიდის აშენება, რომელიც მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს.  გაზაფხულზე გამწვანების კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება და ვფიქრობთ, ზაფხულისთვის პროექტი მთლიანად იქნება დასრულებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე.

პარკის ტერიტორიაზე სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, მინიფეხბურთის სტადიონი, სამეურნეო და დაცვის შენობები, კაფე, მედიათეკა, კალათბურთის მოედანი, ბელვედერი, ფანჩატურები, ძაღლების მოედანი, სკეიტპარკი, ორი ტბა და მათი დამაკავშირებელი მდინარე, საფეხმავლო და სამანქანე გზები, პარკინგი, კოლექტორი და სატუმბი სადგურები, ასევე ორი საფეხმავლო ხიდი ეწყობა, რომლებიც თემქის ხევის მიმდებარე მიკრორაიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამის პარალელურად მიმდინარეობს გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში 250 000 კუბამდე დაჭაობებული გრუნტი ბალასტით შეიცვალა. ამ დროისთვის დასრულებულია ორივე ტბის, სანიაღვრე სისტემის, სკეიტპარკისა და ახალი კოლექტორის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყო საფეხმავლო გვირაბი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 39 280 534 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.