კახა კალაძე - ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთეს
რაციონალურად თუ არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან მოგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველაზე მეტი რუსული საქმე საქართველოში სწორედ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აკეთეს, როდესაც რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ჩააბარეს და შემდეგ, მოღალატეობრივი რეზოლუციით, ომის დაწყება თავის თავზე აიღეს. ეს დანაშულიც საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ჩვენთვის არავის გაებედა და ეკადრებინა. აღარაფერს ვამბობ ადამიანების წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, მედიის მიტაცებაზე და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებულ კანონთან დაკავშირებით სიცრუე ვრცელდებოდა.
„მინდა, გაჩვენოთ, როგორ მუშაობს მათი ბინძური პროპაგანდა: ერთი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით მთელი ან ხნის განმავლობაში სიცრუეს ავრცელებდნენ, ერთი შლეიფი მოაბეს, რომ ვითომ რუსული კანონია, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება, და მეორე – სოციალურ ქსელში გაავრცელეს რაღაც ბანერი ჩემი ფოტოთი და დააწერეს, თითქოს მე ევროპის მოსურნე ადამიანებს (ჩვენ, ყველას ევროპა გვინდა) საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი – იცით, სად არის აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუმცა ვიღაც რომ წაიკითხავდა ამას, შეიძლება, ეჭვი გასჩენოდა, რომ მართლა ვთქვი თუ არა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მითქვამს, ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ დეზინფორმაციას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარი მოსაზრების გამოხატვას თვლიან საჭიროდ.
„ჩემო მეგობრებო, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან მოგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. ცოტა ვრცელი ვიდეომიმართვა გამომივიდა, თუმცა ბოლოს ერთი რამ მინდა, ვთქვა: ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.