კახა კალაძე - ყველაზე მეტად რაც აზიანებს ევროპულ მომავალს, ეს არის უპატივცემულობა შენი ქვეყნის მიმართ, ეს დამაზიანებელია კონსტიტუციის, კანონის, შენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ
ყველაზე მეტად რაც აზიანებს ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეს არის უპატივცემულობა შენი ქვეყნის მიმართ, დამაზიანებელია უპატივცემულობა კონსტიტუციის, კანონის, შენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე: „ბორელი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ასეთი განცხადების მიუხედავად, გააგრძელებთ თუ არა პროცესს“.
ამასთან, კალაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებაზე, რომ „მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ“.
„არ ვიცი, არ ვიცნობ ამ ადამიანს და არც მისი განცხადებები მომისმენია. რაც შეეხება იმპიჩმენტის გაგრძელებას, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, დღევანდელ მოცემულობაში, შეუძლებელია, თუმცა ნაბიჯები გადაიდგა, რათა პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონებს და არავის უნდა მიეცეს უფლება, გადააბიჯოს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტებმა კალაძეს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზეც ჰკითხეს, სადაც ელისაშვილი ამბობს, „სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მოაგროვოს“.
„არ მომისმენია ალეკო ელისაშვილის განცხადება. ამიტომ გამიჭირდება შინაარსის გამოტანა აღნიშნული განცხადებიდან, რადგან მთლიან შინაარსს არ ვიცნობ და არ მინდა, შეცდომაში შევიყვანო საზოგადოება ჩემი პასუხით. არ ვიცი, იმპიჩმენტის ხმებთან დაკავშირებით ეს პარლამენტის პრეროგატივაა და მე გამიჭირდება ამ დეტალებში შემოსვლა და პასუხის გაცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.