კახა კალაძე - სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობა
ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს კამპანია და ჩაატაროს არჩევნები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ვითარებას ხელოვნურად ძაბავს.
„არაადეკვატურია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყველა არჩევნებზე ხდება სიტუაციის, ვფიქრობ, ხელოვნურად დაძაბვა. თუ დავაკვირდებით, სად, რამდენ ოლქში გვაქვს არჩევნები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობა, არეულობის შემოტანის მცდელობა. თუმცა, მთავარი არის ის, რომ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომელიმე კანდიდატს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის წარმოადგენს, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს კამპანია და ჩაატაროს არჩევნები. მთავარია, ყველაფერი მოხდეს მშვიდობიან გარემოში, რასაც უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ქსენოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა შემოიტანონ პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტი.
„ქსენოფობიურ განცხადებებს რაც შეეხება, გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები, უმძიმესი. ამას ვისმენდით ყოველდღიურ რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, ყველამ უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტი. არ უნდა დავუშვათ, რომ ერთმანეთს მივაყენოთ შეურაცხყოფა. ამის გარეშეც არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი ხედვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.