კახა კალაძე - ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ
კანონში წერია, რომ ხუთი დღით ადრე მუნიციპალიტეტი მომიტინგეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის გამოყოფს სპეციალურ წარმომადგენელს, თუ პოლიციის მხრიდან ხდება მოწოდება და მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტული აქციისა ან მიტინგის დაშლაზე, მიდის წარმომადგენელი და აფრთხილებს, რომ უნდა დაიშალონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
„ჩვენ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა. ეს იყო სპონტანური აქცია და ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი გულწრფელი პროტესტი, რასაც დილიდან დაწყებული მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვუერთდებოდით. არც მე მომეწონა გავრილოვი პარლამენტში რომ აღმოჩნდა და დაიკავა სპიკერის ადგილი. ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც აპროტესტებდნენ ამას და იქ იყვნენ, პროტესტის ტალღაში. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ? ეს არ ხდება. შეგიძლიათ ნახოთ ბრიფინგი, რომელიც პარტიაში ჩავატარე, სადაც გაფრთხილება და მოწოდება იყო, შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე და სიწყნარე, თორემ ამას მიყვებოდა შესაბამისი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ქმედებები. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, თორემ ძალიან მწარე და ცუდი გამოცდილება გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.