კახა კალაძე - ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა
ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძემ უპასუხა კითხვას, გმობს თუ არა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას.
„რა თქმა უნდა, ვგმობ, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ვინმეზე ძალადობა?!“ – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის.
„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა. განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ასე შემდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება. რეალურად, ორმაგი სტანდარტია. თქვენ არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ტელევიზიებს ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გახასიათებთ. ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა, რადგან როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი. არ მახსოვს შემთხვევები, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტეტებინათ ამგვარი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიებისგან იგივე ძალადობაა. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.