კახა კალაძე - ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, რასაც ხშირად ვაწყდებით თუნდაც სოციალურ ქსელებში, კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება
კახა კალაძე - ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, რასაც ხშირად ვაწყდებით თუნდაც სოციალურ ქსელებში, კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება

როდესაც ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მხედველობაში მაქვს აქციები, როდესაც ხდებოდა პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, დაწვის მცდელობა, ძალიან მძიმე ფაქტები იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს 8 ივლისს „პრაიდფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, რაზეც კალაძემ განაცხადა, რომ ძალადობა არის მიუღებელი და მმართველი გუნდი ძალადობას ემიჯნება.

„რაც შეეხება ძალადობას, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. მე, ჩემი თანაგუნდელეები ყველანაირად ვემიჯნებით ძალადობას, ძალადობრივ ფაქტებს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუ რაიმე კონკრეტული არსებობს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა აგოს პასუხი. ასევე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მე მხედველობაში მაქვს ის აქციები, როდესაც ხდებოდა პოლიციელების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, დაწვის მცდელობა, ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას, ქალაქში კონკრეტული ავტომობილების დაწვას და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით თუნდაც სოციალურ ქსელებში, კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.