კახა კალაძე - ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, მათი უფლებაა, თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებაა, ქალაქში თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მერიაში გაიმართა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც საუბრის მთავარი თემა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროება იყო.
„ნებისმიერი თანამედროვე ქალაქი სხვადასხვა პრინციპის დაცვით ვითარდება, მათ შორის, ერთ-ერთია ინკლუზიურობა. ამ მხრივ, არც თბილისია გამონაკლისი. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ გამწვანების პროექტში ვითვალისწინებთ ინკლუზიურობის პრინციპს. რამდენიმე დღის წინ მერიაში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საჭიროებაზე მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. მათ შორისაა ხმოვანი შუქნიშნები, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად იყოს დაცული ამ ადამიანების უსაფრთხოება. შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს და მინდა, საზოგადოებას განვუმარტო: შუქნიშანზე ალბათ ხშირად გსმენიათ ხმები. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ უსინათლო ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მთელ მსოფლიოში ადაპტირებულია და თბილისშიც დავიწყეთ მსგავსი პროექტების განხორციელება. ამ მიმართულებით საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ შუქნიშნის ხმა ღამის საათებში ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს და პრეტენზიებს გამოთქვამენ. უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და მათი უფლებაა, გადაადგილდნენ თავისუფლად და უსაფრთხოდ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, რაც დღისა და ღამის საათებში შუქნიშნების ხმის რეგულირებას გულისხმობს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, საჭიროა მეტროსადგურების ადაპტაცია და ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაჩერებების გამოცხადების სისტემის დანერგვა.
„აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მინდა, კიდევ ერთხელ დავავალო შესაბამის სამსახურს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაქსიმალურად დაჩქარდეს ხმოვანი სისტემის დანერგვის პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.