კახა კალაძე - ყველამ გაითავისოს, რომ ავტობუსის ზოლები განკუთვნილია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
კახა კალაძე - ყველამ გაითავისოს, რომ ავტობუსის ზოლები განკუთვნილია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის

თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პროექტების პროცესში გათვალისწინებულია უცხოელი ექსპერტების რჩევები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს კომფორტული, სწრაფი და თავისუფალი.

„შემთხვევით არ არის, რომ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი ე.წ bus line-ები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული ქალაქში. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ვეცდებით,  საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ისარგებლოს კიდევ უფრო მეტი უპირატესობით და შევზღუდოთ კერძო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება. ხშირია შემთხვევა, როცა ავტობუსის სპეციალურ ზოლებზე კერძო ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს სწორი არ არის და ამ საკითხზე მაქსიმალურად უნდა გამახვილდეს ყურადღება, საჭიროების შემთხვევაში, დამონტაჟდება ვიდეოკამერები.

კახა კალაძემ ამ საკითხის მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა.

„მინდა, ირაკლი ხმალაძეს ვთხოვო, საპატრულო პოლიციასთან გვქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, მათი მხრიდან არის სრული მზაობა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი, არის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა. თუ საჭიროა, აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რომ ვინც დაარღვევს, დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის შექმნილი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ეს ყველაფერი მალე მოწესრიგდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, იგივე დამოკიდებულებაა ველობილიკებთან დაკავშირებით.

„ეს ახირება არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია. გვსურს, ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები კეთდება, რომ მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ადამიანებს ჰქონდეთ ველოსიპედებით სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან შესაბამის სამსახურებს სთხოვა ამ საკითხსაც მიაქციონ ყურადღება.

„ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება. ჩართეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც და გავამკაცროთ ამ მიმართულებით რეგულაციები.  თუ საჭიროა და გასაზრდელია ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, – განაცხადა კახა კალაძემ სხდომაზე.

მან ლიცენზირებული ტაქსებისთვის გამოყოფილ უფასო პარკირების ადგილებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ამ ადგილებზე სხვა ავტომობილებია გაჩერებული და ეს პრობლემაც  მოსაგვარებელია.

„თუ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება კარგად არ ხორციელდება, მაშინ რეფორმას ფასი ეკარგება. ჩემი თხოვნაა,  მაქსიმალური კომუნიკაცია საპატრულო პოლიციასთან, კამერებით აღჭურვა, ჯარიმები თუ გასაზრდელია, გავზარდოთ, რომ ქალაქში იყოს წესრიგი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.