კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საახალწლოდ დედაქალაქი იყოს ულამაზესი და შევქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საახალწლოდ დედაქალაქი იყოს ულამაზესი და შევქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მთელი ქალაქის მასშტაბით „თბილსერვის ჯგუფმა“ დაიწყო.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დედაქალაქი საახალწლოდ იყოს ულამაზესი და შევქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილებისთვის. სასიამოვნო გარემო იქნება. ეტაპობრივად მივაწვდი მოსახლეობას ინფორმაციას, ღონისძიებები რომელ ადგილას გაიმართება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, საახალწლო აქსესუარების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
„ახალი ილუმინაციების მონტაჟი ნაძალადევის რაიონიდან გუშინ დავიწყეთ. დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება აღნიშნული ღონისძიებები თბილისის მაშტაბით. ვფიქრობთ, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი ტიპის ილუმინაციები იქნება გამოყენებული. საახალწლო აქსესუარების მონტაჟს დავასრულებთ დაახლოებით 14-16 დეკემბრისთვის“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
თბილისის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.
მათივე ცნობით, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.