კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთაწმინდაზე მეორე ტურში გამარჯვებას მივაღწიოთ
საერთო ჯამში, არჩევნები ყველა ოლქში მშვიდ ვითარებაში წარიმართა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა მთაწმინდის რაიონში პირველივე ტურში დასრულებულიყო ყველაფერი, თუმცა, როგორც კალაძე ამბობს, მეორე ტურში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მთაწმინდაზე მეორე ტურში გაიმარჯვონ.
„მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში, იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, პროვოკაციების, ექსცესები არ ყოფილა. იყო მცირე დაპირისპირებები, მაგრამ საერთო, ჯამში მშვიდობიანად ჩატარდა არჩევნები.
ფაქტობრივად ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია „ქართულმა ოცნების“ წადგენილმა კანდიდატებმა.
მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, თუმცა არის მეორე ტური. კარგი იქნებოდა, პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, რომ აქტივობა იყო დაბალი, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტურში მივაღწიოთ გამარჯვებას”,-განაცხადა კახა კალაძემ
კითხვაზე, იყო თუ არა მობილიზებული მთაწმინდის რაიონში ე.წ. ძველი ბიჭები, კალაძე ამბობს, რომ ეს არის ტყუილი.
„ტყუილია ეს. „რუსთავი 2“ მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს იყო მოსყიდვა, არა მხოლოდ მთაწმინდაზე, არამედ ზუგდიდზეც. ერთი ფაქტი ვერ დაიდო ამის“,- განაცხადა კახა კალაძემ.