კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი და უფრო კომფორტული იყოს
თბილისში არსებულ პრობლემებს უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ და აღებული ტემპი არ უნდა შევანელოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.
კახა კალაძემ მერიის ყველა თანამშრომელს მუშაობისა და დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გუშინ გავიდა ერთი წელი, რაც ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ მუშაობა. მინდა, მადლობა მოვახსენო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ მათი მხრიდან. ეს თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს სტიმულს უფრო მეტი ვიმუშაოთ, მეტი გავაკეთოთ, რომ ქალაქის პრობლემებსა და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ თითოეულ თანამშრომელს, დაწყებული დამლაგებლიდან დამთავრებული ვიცე-მერამდე. ყველას მადლობა, რადგან ვხედავ, როგორ რეჟიმში გიწევთ მუშაობა, როგორი დამოკიდებულება არის საქმის მიმართ და ეს აისახება საზოგადოების, მოსახლეობის განწყობასა და დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ. ამიტომ, ეს ტემპი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგდოთ, პირიქით მეტი ძალისხმევით ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ პრობლემები, რაც არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი გაკეთდა და ბევრი საინტერესო წამოწყება იყო, რეფორმები, ახალი პროექტები, თუმცა უამრავი პრობლემა რჩება, რომელიც მოსაგვარებელია.
„არსებობს ბევრი საკითხი, რომელსაც სჭირდება მოგვარება. ბევრ ქუჩას სჭირდება მოწესრიგება, არის ბევრი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ფართებში და მას სჭირდება დაკანონება, არის ქუჩები, რომელსაც სჭირდება კეთილმოწყობა, ბევრი ავარიული სახლია გასამაგრებელი, არსებობს ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ. ყველამ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი“ , – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მერია ყველაფერს გააკეთებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ, გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არსებული რეალური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული და ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი, უფრო კომფორტული საცხოვრებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.