კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, იმის მიუხედავად, რომ შეგვეძლო ამ გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი
კახა კალაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, იმის მიუხედავად, რომ შეგვეძლო ამ გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „შეუშლის თუ არა ხელს 12 რეკომენდაციის შესრულებას აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება“.

კალაძის თქმით, გეგმის შესრულების შემდეგ, ევროკომისიაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა, ე.წ. გზამკვლევი, იმის მიუხედავად, რომ შეგვეძლო 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი. ამაზე მეტყველებს ის, რომ გარკვეულ ქვეყნებს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში ამას სხვა რამისთვის იყენებენ. ამის მიუხედავად, ჩვენ გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.