კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უპასუხისმგებლო კომპანიებმა ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა
კატეგორიულად მიუღებელია კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასეთ კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით და ვერ უნდა გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძეს მეტროსადგურ „სამგორის“ რეაბილიტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანის სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.
„კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, თუმცა კომპანიამ ეს ვერ მოახერხა. შესაბამისად, თავად სატრანსპორტო კომპანია იღებს ვალდებულებას, სამუშაოები მიიყვანოს ბოლომდე. ამ კომპანიის წინააღმდეგ სატრანსპორტო კომპანიამ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებები გაატარა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არიან კომპანიები, რომლებიც უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ამის მაგალითებიც არსებობს.
„მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 50 მეტრ მონაკვეთზე შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კატეგორიულად მიუღებელია ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდით და ყველაფერ უნდა გაკეთდეს, რათა არ ვიცი, შავი სია ჰქვია თუ რა, რომ ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. შემდეგ პრეტენზია მოდის მუნიციპალიტეტზე და არავინ არ უყურებს იმას, რომ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე და შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების წინააღმდეგ”, – განაცხადა კახა კალაძემ.