კახა კალაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო განვითარდეს, გაძლიერდეს და წინ წავიდეს
საქართველომ ძალიან რთული დღეები გამოიარა და სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო განვითარდეს და გაძლიერდეს.
„10 წელი გავიდა აგვისტოს მძიმე დღეებიდან. ძალიან რთული დღეები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და სამწუხარო რეალობაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები და მათ უკვდავსაყოფად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები ყოველთვის უნდა მოვიხსენიოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენ შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული ამ ბიჭების და ამ ადამიანების სახით და უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი გმირები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდში იმყოფებოდა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.