კახა კალაძე - ყველა პროექტის განხორციელების დროს პრიორიტეტი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს ენიჭება
ყველა პროექტის განხორციელების დროს პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს, ველობილიკების, სკუტერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერიამ დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა.
„დღეს კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, ხედვები, როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი, თუ რა უნდა გაკეთდეს და რა არის დაგეგმილი დედაქალაქში ტრანსპორტის მიმართულებით.
ყველა პროექტის განხორციელების დროს, ეს იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოები თუ ხაზების დაგეგმვა, პრიორიტეტი ენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეს, ველობილიკების, სკუტერებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, როგორც გასულ წელს. ორი წლის წინ, როცა დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ყველგან ვცდილობდით, მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა აღნიშნული მითითებები“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ზოგადად, ყველა განვითარებულმა ქვეყანამ და დიდმა ქალაქმა, სადაც ანალოგიური პრობლემები იყო, რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს მსგავსი პროექტების განხორციელება.
„გვინდა, დიდი ქალაქების საუკეთესო გამოცდილება გავიზიაროთ და დედაქალაქში ეს მიმართულება მოვაწესრიგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.