კახა კალაძე - ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში გამოხატოს მოსაზრება, გადაცდომის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაბამისი პასუხი
ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოყვება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქცია მათი მხრიდან დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებაა.
„ეს არის იმ დესტრუქციული ქმედებების გაგრძელება, რაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა დაანონსებული. დეტალურად მოვყევით, თუ როგორი იყო ამ დესტრუქციული პოლიტიკური პარტიების გეგმა. რაც შეეხება აქციას, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა ადამიანს, აქვს შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.