კახა კალაძე - ყველა ოპოზიციურ პარტიას აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი
ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძლიერი ოპოზიციის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„პოლიტიკური მოვლენების, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ძლიერი ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.