კახა კალაძე - ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისგან, პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს
ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა და მუხტი ჩვენი მხარდამჭერებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებისგან, პარტია განვითარების ახალი ეტაპზე გადავიდეს – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
კალაძის თქმით, დღეს დასრულდა კონფერენციების ციკლი, რომლის მიზანი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მომავალი განვითარების გეგმების განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადება იყო.
„ქართული ოცნების“ საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ქალაქში, ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა და მუხტი ჩვენი მხარდამჭერებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებისგან, გადავიდეს პარტია განვითარების ახალი ეტაპზე და განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ პარტიის მეხუთე ყრილობა გაიმართება 11 მაისს, თბილისში. ყრილობა საქმიან, სამუშაო ფორმატში წარიმართება, რომელსაც პოლიტიკური გუნდი, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტსაბჭოს მიერ არჩეული დელეგატები დაესწრებიან. დარწმუნებული ვარ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით განახლებული გეგმებით და ახალი ხედვებით შექმნის მუხტს და გააერთიანებს საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საშენებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.