კახა კალაძე - ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე ბევრი ადამიანი იყო გამოსული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და 30 აპრილს გამართულ აქციას გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
„აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. მე ერთ რამეს ვიტყვი – ყველა იმ ადამიანს მინდა, მადლობა გადავუხადო, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.