კახა კალაძე - ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და უნდა იყოს გამიჯნული
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩის პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ უკრაინის მხარდამჭერი აქცია.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს კანონის ფარგლებში მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში.
„კვირას გაიმართება საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩი. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებს, „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს მატჩის პარალელურად დაგეგმილი აქვთ უკრაინის მხარდამჭერი აქცია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბიში რუსეთის ნაკრებთან, ყოველთვის წარმატებულად გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ბიჭებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს კანონის ფარგლებში მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის 18:00 საათზე დაიწყება.