კახა კალაძე - ყოფილი ფოსტის შენობამ, რომელსაც არსებობის 100-წლიანი ისტორია აქვს, ახალი სიცოცხლე შეიძინა
ყოფილი ფოსტის შენობამ, რომელსაც არსებობის 100-წლიანი ისტორია აქვს, ახალი სიცოცხლე შეიძინა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალი სასტუმროს, Radisson RED-ის საზეიმო გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმრო – Radisson RED-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად გახსნა.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში მსგავსი მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობას.
„ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა. ზუსტად მშვიდობას მოაქვს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები, მშვიდობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ქვეყნის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს ქვეყანაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, Radisson RED Tbilisi უკვე ასამდე დასაქმებულს ითვლის.
„ეს იყო ფოსტის შენობა, რომელიც დღეს უკვე წარმოდგენილია ულამაზესი პროექტით. მიხარია, რომ ეს უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ქალაქს, სადაც ასზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. მინდა წარმატება, მშვიდობა და, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი გისურვოთ, რომ კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდეს ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო წლებში ბევრი სასტუმრო, ჰოსტელი და კვების ობიექტი შეემატა ქალაქს, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყოფილი ფოსტის საუკუნოვან შენობაში განთავსებული სასტუმრო თბილისის კულტურულ თავისებურებებს და ისტორიას თანამედროვე დიზაინით წარმოადგენს. ოთხსართულიანი სასტუმრო მოიცავს 111 ნომერს და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს. პროექტის განსახორციელებლად 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.