კახა კალაძე წყალტუბოს რეაბილიტაციაზე - არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ყველა კეთილი საქმე და წინ გადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად
მიზანი, რომ წყალტუბო გადაიქცეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურვილი აქვს, რომ წყალტუბოში არსებული მდგომარეობა გააუმჯობესოს.
„ჩვენ გვახსოვს, წყალტუბო ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ, სარეაბილიტაციო ადგილად, თუმცა იქ არსებული დღევანდელი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ჩვენ ვიცით, ეს ულამაზესი შენობა-ნაგებობები რა მდგომარეობაშია. ძალიან ბევრი ფოტომასალა ვრცელდებოდა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, მათი მოწესრიგება და ყველაფერის ისე გაკეთება, რომ თითოეულმა ქართველმა, ჩამოსულმა სტუმრებმა იამაყონ განხორციელებული პროექტებით, მიზანი, რომ წყალტუბო გადაიქცეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, ყველა კეთილი საქმე და წინ გადადგმული ნაბიჯი შეფუთონ არასწორად და დამახინჯებულად, აქვთ მცდელობა, მოახდინონ არასწორი ინტერპრეტაცია და მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში.
„მინდა, გავიხსენო პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო, როდესაც „თანაინვესტირების ფონდს“ საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა ეს კონკრეტული ადგილი, რათა განეხორციელებინა პროექტი – საპარკინგე სივრცე, სადაც ყველას ექნებოდა შესაძლებლობა, ესარგებლა ამ პროექტით, როდესაც დამთავრდებოდა და რა ამბავი ატეხა ოპოზიციამ. მას შემდეგ ჩვენ მოვიძიეთ ქალაქში სხვადასხვა ადგილი და პირადად ოპოზიციას შევთავაზეთ წარმოდგენილი პროექტები ლარად. შესაძლებლობა ექნებოდათ, განეხორციელებინათ ინვესტიციები, რაც ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა, რადგან ქალაქს საპარკინგე ადგილები შეემატებოდა, ეს იქნებოდა მიწისქვეშა სივრცეები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებდით, თუმცა, ვნახეთ, როგორ დამთავრდა. ამჯერად ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მან არ იცის, უკავშირდება თუ არა წყალტუბოს ინტერესებს.
„წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ სხვადასხვა ბიზნესმენს, ვისაც ინტერესი აქვს, ჩაერთოს ქვეყნის განვითარებაში, წყალტუბოს აღორძინებაში, არავინ ზღუდავს. როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, ვფიქრობ, ყველა უნდა ვიყოთ კმაყოფილი, რომ რაღაც კარგი კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.