კახა კალაძე - წლის ბოლომდე ავტობუსების განახლებული პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის
დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვექნება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს.
„ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლიანობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით – ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული. ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა – ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 6“-ის ტიპის ავტობუსებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი სრულად მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნო და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ზოგადად ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, თითქოს კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.