კახა კალაძე - წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთადერთი ვიყავი, ვინც დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმოადგინა
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ავარიული სახლების პრობლემებზე საუბრობდა, – თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, 2022 წლიდან ამოქმედდება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიისას დეტალურად წარმოვადგინე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გახდა ეს თემა აქტუალური. მთელი ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ ქალაქში 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. წყალში გადაყრილია მილიონობით ლარი, რასაც გამაგრების სამუშაოებზე ვხარჯავთ, რადგან ხუთი-ექვსი წლის შემდეგ ის ისევ ავარიული ხდება. ამიტომ, ჩვენ კონკრეტული პროგრამა შევიმუშავეთ, თავისი რეგულაციებით. ოთხ წელში ყველა შენობა ვერ ჩანაცვლდება, მაგრამ ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომ ყველაზე ავარიული სახლები გარემონტებული ბინებით. ჩავანაცვლოთ. მაგალითად, თუ ხუთსართულიანი შენობის ყველა მცხოვრების თანხმობა უნდა არსებობდეს, რის შემდეგაც მათ იჯარით გაიყვანს მუნიციპალიტეტი. ამ ადამიანებს ორ წელიწადში ენერგოეფექტური მასალებით აშენებული საცხოვრებელი ბინები ჩაბარდებათ. ეს საბჭოთა არქიტექტურა ჩანაცვლდება თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგის პროცესში მუნიციპალური ინსპექციის როლზე ისაუბრა.
„ჩვენ მეხუთე კატეგორიის ავარიულობის მქონე სახლებში ადამიანებს არ ვაცხოვრებთ და გაგვყავს ისინი ქირით. ამისთვის კი, ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ინსპექცია ნამდვილად ეფექტიანად მუშაობს და მის თანამშრომლებს მადლობა ამისთვის. არ არსებობს შემოსული შეტყობინება დარჩეს რეაგირების გარეშე. გარდა ამისა, ყოველდღიურად მოწმდება კონკრეტული შენობა-ნაგებობები. ე.წ. მიშენებები 90-იანი წლების მავნე პრაქტიკაა. დღეს ვერ ვეხებით მათ, ვერ ვანგრევთ, თუმცა, ამ პროგრამის ფარგლებში მიშენებული ნაწილიც ჩაეთვლება ფართების დაანგარიშებისას. ამ პროგრამაზე უკვე დიდი ინტერესია. მის განხორციელებას და განაცხადების მიღებასაც 2022 წელს დავიწყებთ“, – განმარტა კახა კალაძემ.