კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდა, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები
წერეთლის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება, როდესაც მარტში სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოები საგზაო ნაწილში და გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა ტროტუარების მოწყობა და სხვა სამუშაოები გრძელდება.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია. საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, გადაადგილება ორმხრივად თავისუფლად არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება ჩვენი დედაქალაქისთვის, სადაც მთლიანად იცვლება მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დამთავრებულია, შეცდომაში არ შევიყვანოთ საზოგადოება. აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანებითი სამუშაოები, ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს უკვე დამონტაჟებულია, თავისი ტროტუარების განათებებით, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს სამუშაოები. პარალელურად, ეზოებში შესასვლელი მიერთებები გაკეთდება, დაიგება ახალი ასფალტი, დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დამონტაჟდება, ანუ ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლა ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად უკვე სამუშაოები იქნება დასრულებული. მოძრაობა ჩვეულებრივად იქნება, ოღონდ ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს ჰქონდეს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.