კახა კალაძე - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, ისე არიან დაბოღმილი, არ იციან, რა თქვან, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება. არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.
„კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევდა? დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ სამუშაოები დასრულდება იანვრის თვეში. ეს რომ მოგვიანებით დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა და მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, არ იქნებოდნენ დაბრუნებული სექტემბრიდან შვებულებებიდან? ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. ათას სისულელეს მოიგონებენ. როგორ არ უნდა ესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს აქ სამუშაოები ჩატარდა, ამ ტიპის სამუშაოები არავის უწარმოებია. ხდებოდა მხოლოდ გზის საფარის შეცვლა და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, გვექნება ქუჩის ახალი დიზაინი. როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან წამებულის გამზირები და ა.შ. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.