კახა კალაძე - წელს ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ, მოსახლეობას დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდი ბოდიშს
მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი დედაქალაქისთვის წარმატებული იქნება.
„2020 წელი იქნება განსაკუთრებული, მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება ჩვენი ქალაქისთვის. თუ გადავხედავთ ბიუჯეტს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი. როცა ჩვენ ოფიციალურად შევუდექით უფლებამოსილების განხორციელებას, მახსოვს, რამდენი იყო ბიუჯეტი – 2017 წელს დაახლოებით 800 მილიონი იყო, მანამდე გაცილებით უფრო დაბალი. 2019 წელს მოვახერხეთ და ბიუჯეტი 900 მილიონამდე გავზარდეთ. სხვათაშორის, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ მილიარდ ლარს გადააჭარბებდა ბიუჯეტი და გასულ წელს ასეც მოხდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, წელს დაახლოებით 1 მილიარდ 245 მილიონი დაიხარჯება მხოლოდ ორ ძირითად მიმართულებაზე, ესენია ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა.
„ასევე ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მისაღები თანხა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ანუ მთლიანობაში, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან გამგებლებსა და თბილისის მერიის სამსახურის უფროსებს მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა და პრიორიტეტების შერჩევის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, სამსახურის უფროსებს და გამგებლებს დაგავალოთ, რომ გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება. წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებისთვისაც არის განსხვავებული და შესაბამისად, უფრო ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩართულობა, განხილვები და მათი აზრის გაგება. მივცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ პრიორიტეტები, რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, მოსალოდნელია გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის.
„წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი მოსახლეობისთვის. მინდა, ამისთვის წინასწარ ბოდიში მოვიხადო, თუმცა სხვანაირად არ გამოდის სამუშაოების წარმოება“, – განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიეწოდება დეტალური ინფორმაცია წელს განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.