კახა კალაძე - წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა, დიდი ტყუილი და სიცრუეა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლების და პირადად ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და გავასაჯაროეთ ყველა ის მიმოწერა. პირველი ნოემბრის დასაწყისში ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ 31 დეკემბრამდე ჰქონდა სურვილი, გაეგრძელებინა აქციები და წერილს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომელსაც კანონი გვავალდებულებს. დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე დაგეგმილი აქვს საახალწლო ღონისძიებები და ამის გამო, ვალდებულები ვიყავით, რომ სამი დღის განმავლობაში გაგვეცა პასუხი, რაც ასახული იყო წერილობით და გავაცანით მოსახლეობას.
ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის. შემდეგ ეს ყველაფერი გადმოებრალებინა ჩვენთვის. არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, დედა, მამა. გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, უფლებას არ აძლევენ კარვები გაშალონ, გამოხატონ პროტესტი. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელევიზია „რუთავი 2“. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა ამ ყველაფერზე პირდაპირ ეთერში. ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ეს სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, მთელი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენი არჩეული გზიდან ნამდვილად არ გადავუხვევთ, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა.
„პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად ვიქნებით ყოველთვის. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.